საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მწვანე პასპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პანდემიის პირობებში და ბევრ ქვეყანაში ის ადამიანებს ვაქცინაციის მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარა. მისი თქმით, ეს ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთვის და ელჩი იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ის საქართველოშიც ეფექტური იქნება.

"მწვანე პასპორტის ინიციატივა ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში. ის დაეხმარა ადამიანებს გააცნობიერონ, რომ ვაქციანცია გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ნორმალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთვის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია საქართველოშიც ასე იქნება", — განაცხადა მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კელი დეგნანი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სწორედ ვაქცინაციის კამპანიის წამახალისებელი მიდგომების განსახილველად შეხვდა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში პანდემიის მართვაში აშშ-ის ჩართულობასა და როლს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის მეტად ინფორმირება, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ვაქცინასთან დაკავშირებით.

"დღეს მინისტრთან განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომა ვაქცინაციის წასახალისებლად, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და საზოგადოება, ისევ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამას კი ვერ გავაკეთებთ, სანამ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება", — აღნიშნა მან.

ამასთან, აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ვაქცინა უსაფრთხო და მნიშვნელოვანი მათთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის. იმედია, რომ შევძლებთ დახმარებას ამ მნიშვნელოვან დროს", — აცხადებს დეგნანი.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ მწვანე პასპორტის შემოღებაზე უნდა იფიქროს. ამ საკითხზე მსჯელობას საკოორდინაციო საბჭოში ადასტურებენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. ამასთან, 4 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს არსებულ რეგულაციებს.