ამერიკელი ბიზნესმენის, ბილ გეიტსის განცხადებით, იმისთვის, რომ მსოფლიო მომდევნო პანდემიებს მომზადებული შეხვდეს, ათობით მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მქონე მასშტაბურ კვლევებში გლობალური ჩართულობაა საჭირო.

მისი აზრით, კორონავირუსთან ბრძოლამ დაგვანახა, რომ საერთო ძალისხმევის გარეშე, მსგავს პრობლემებთან გამკლავება გაგვიჭირდება. თანაც, შესაძლოა, სხვა ამგვარი ინფექციები უფრო ძნელად დასამარცხებელი აღმოჩნდეს.

კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებლის თქმით, SARS‐CoV‐2-გან მოყენებულმა ეკონომიკურმა ზიანმა და მისით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ვაქცინების, მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური ტესტირების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება უნდა წაახალისოს. ამის მეშვეობით, შემდეგ პანდემიას უფრო ეფექტიანად შევეწინააღმდეგებით.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯერემი ჰანტთან ინტერვიუში ბილ გეიტსი აღნიშნავს, რომ მატერიალური რესურსი, პირველ რიგში, ინფექციის გავრცელების შეჩერების გზების მოძებნას უნდა დავახარჯოთ.

"არ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას სრულად შეაჩერებენ. ისინი ჩვენ მარტივად გამოჯანმრთელებაში გვეხმარებიან, თუმცა ინფექციის გადადებას სათანადოდ ვერ აფერხებენ. ამ პრეპარატების შესაქმნელად ახალი მეთოდი გვჭირდება", — ამბობს ბილ გეიტსი.

მას მიაჩნია, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ დექსამეტაზონი და მოლნუპირავირი, რომლის გამოყენებაც დიდმა ბრიტანეთმა ახლახან დაუშვა, საკმარისად ეფექტიანი არ არის. შესაბამისად, ის უკეთესი მედიკამენტების საჭიროებას ხედავს.

მილიარდერის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიის რისკები უნდა აკონტროლოს და საეჭვო წყაროს პოვნის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა სცადოს. მათ შორისაა ბუნებრივი თუ ბიოტერორისტული წარმომავლობის პანდემიები.

ბილ გეიტსი ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად დიდძალი შრომა, ვაქცინების გაიაფება, ფარმაცევტული საწარმოების აშენება და გრიპისა თუ სურდოს აღკვეთაა აუცილებელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.