ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ თავშესაფარს მისცემს ყველა იმ განკვეთილ მღვდელს, ვისაც ეს სჭირდება. თუმცა მისი თქმით, ეს არა ჭყონდიდის, არამედ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში იქნება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით, მათ მივცე თავშესაფარი, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. რახან ადგილი და თავშესაფარი არ აქვთ, კი ბატონო, მე მივცემ მათ თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში", — აცხადებს ის.

ამასთან, სტეფანე ირწმუნება, რომ მისი დამოკიდებულება განკვეთილი ბერების მიმართ "ლმობიერია" და ყოველთვის ასე იყო, თუმცა ამის საშუალებას თავად არ აძლევენ.

"ბოლოსაც ვუთხარი, როდესაც ჩემთან მოვიდნენ თავდასხმაზე, ვუთხარი, ხალხო, როგორ გელაპარაკოთ? როგორც ბერებს თუ როგორც კრიმინალებს? არ უნდოდათ როგორც ბერებს ჩემთან საუბარი და როგორ ველაპარაკო, აბა მითხარით?", — თქვა მან.

დღეს დაპირისპირება იყო ჭყონდიდში. სალხინოს მონასტერში განკვეთილ სასულიერო პირებს არ უშვებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული იფნორმაციით, მათ განყოფილება უკვე დატოვეს.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ ეპარქიიდან განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი 3 ნოემბერს მიიღეს, რომლის მიხედვით, მათ 4 ნოემბრამდე უნდა შეეწყვიტათ "საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა". წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერს.

წერილის ადრესატები იყვნენ:

  • ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკვანი პეტრე);
  • მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ანთიოგენი);
  • ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი);
  • თამაზ ხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი);
  • ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი);
  • ბათა ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი);
  • მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი).

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა. 2021 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებდა. ეპარქიაში დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.

8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა და მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის აივნის მოაჯირი დაინგრა და 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

11 სექტემბერს მიტროპოლიტმა სტეფანემ ბრძანება გამოსცა და 6 მღვდელმსახური სასულიერო დასიდან განკვეთა. ბრძანების თანახმად, განკვეთილ მონაზვნებს აეკრძალათ მსახურება, საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ შენობებში ცხოვრება, საქმიანობა და საეკლესიო მიწებით სარგებლობა.

მანამდე, 4 აპრილს, სტეფანე კალაიჯიშვილმა 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაადანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა. 8 მარტს კი ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. ისინი მონასტრიდან გამოაგდეს და შენობაში მთელი ღამის განმავლობაში არ უშვებდნენ. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ახლა სხვა ეკლესიამ შეიფარა.