სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 6 ნოემბრიდან ნაციონალურ მოძრაობას, გარდა რუსთავისა, აქციები დაგეგმილი აქვს თბილისშიც. მათი მტკიცებით, ენმ აპირებს სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას.

"6 ნოემბრიდან ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის ციხესთან განზრახული აქვთ პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდანაც ჩაყვანა, გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქალაქ თბილისშიც.

ოპერატიული ინფორმაციით აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით", — აცხადებენ სუს-ში.

სუს, ასევე, ამტკიცებს, რომ "სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად", აქციაზე დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვაც.

"ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც", — აცხადებენ იქ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იგეგმება და ის სანახავად შესულ პირებს "დირექტივებს" აძლევს.

"აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს", — აცხადებს სუს-ში.

მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა. მისი თქმით, 17:00 საათზე შეიკრიბებიან, თუმცა არ დაიშლებიან, სანამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებული აქცია თბილისში ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მდგოამრეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით შეცვალეს".

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.

ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.