ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ მთავრობისთვის მიცემული 24-საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა — ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

"ყველანი ხვალ თავისუფლების მოედანზე. 8 ნოემბერს, 8 საათზე — თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა", –— განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

ულტიმატუმი მელიამ ხელისუფლებას გუშინ, 6 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის დროს წაუყენა. სააკაშვილისთვის სათანადო დახმარების არაღმოჩენის შემთხვევაში, მან თავისუფლების გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა.


სააკაშვილი უკვე 38-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი განმარტავენ, რომ ეს არის საკვები დანამატი და არა საჭმელი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.

ინფორმაცია იმაზე, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატებს იღებს, ვიდეოს გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე გაავრცელა. 6 ნოემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა.