გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია მათთან გადაიყვანენ თუ არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მზადყოფნაში არიან. მისივე თქმით, არც ვერტმფრენის დაჯდომაზე უცნობებიათ წინასწარ, მაგრამ შესაძლებელია, რუსთავის ციხიდან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავი, მათთან დაჯდეს.

"მზადყოფნაში ვართ, ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა, არ მოფრენილა. შესაძლო ვარიანტზე ჩამოყვანისა და მოყვანისა... მზადყოფნაში ვართ ერთი სიტყვით. შესაძლებლობა არის ყველაფრის, მაგრამ საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა მოიყვანონ აქ პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე, მათ შორის, სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ყველანაირი სიტუაციისთვის არიან მზად, კლინიკა მრავალპროფილურია და აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით.

ამ დრომდე პენიტენციურ სამსახურს არ დაუდასტურებია, გაიყვანეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან. ადგილზე მყოფი მედიების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ციხეში ორი ბრონირებული მანქანა შევიდა, ასევე, დაჯდა თვითმფრინავი, რომელიც ტერიტორიიდან მალევე აფრინდა.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს. მისი თქმით, არ იცის სად წაიყვანეს, თუმცა ვარაუდობს, რომ ტრანსპორტირება სწორედ თვითმფრინავით მოხდა. სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ოჯახის სხვა წევრებსა და უფლებადამცველებსაც.

On.ge ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა ორივე უწყებაში ზარებს არ პასუხობენ.