ცნობილი ქართველი მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, თეონა ჩარკვიანმა გაავრცელა:

"ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი..." — წერს ის.

გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც:

"მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა", — ვკითხულობთ პრემიერმინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

გელა ჩარკვიანი 1939 წელს თბილისში დაიბადა. თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში იყო გადაცემა გლობუსის წამყვანი (1976-1994 წლებში), იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში (1992-2003 წლებში), ასრულებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში (2006-2009 წლებში) და ამავდროულად თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენასა და სოციოლოგიაში.

გელა ჩარკვიანს სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს ისეთი ცნობილი წიგნები, როგორებიცაა ინტერვიუ მამასთან, ნაგერალა და ნაცნობ ქიმერათა ფერხული.