სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში "შეფუთული შევიდა" და სულ რამდენიმე წამი გაიარა მანქანიდან შესასვლელამდე, პატიმრები მის სახელსაც სკანდირებდნენ. ის არ გამორიცხავს, რომ აგრესიული შეძახილები პატიმრების მხრიდან ორგანიზებული იყო.

"რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ — სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა იმ მანქანიდან, სანამ შევიდოდი მე-18 დაწესებულებაში და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, პატიმრების ნაწილი ფანჯრებიდან მას აგინებს და ემუქრება. სახალხო დამცველის და ინსპექტორის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ექსპრეზიდენტის პალატაში ეს შეძახილები ისმის. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება სააკაშვილს ღირსებისშემლახავ პირობებში მიზანმიმართულად ამყოფებს, მმართველ გუნდში კი კითხულობენ: "ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?"

ამავე თემაზე: