მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სასამართლო პროცესი დატოვეს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მოსამართლის გაჯიუტება იმაზე, რომ სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი შევიდეს.

თავდაპირველად ბასილაიამ მოსამართლეს მათი სხდომაზე დაშვება სთხოვა, პასუხად კი მიიღო რომ უკვე მიმდინარე პროცესზე ეს ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ ბასილაიამ შესვენების გამოცხადება ითხოვა, რომ ამ დროს ადვოკატებს შესვლის საშუალება ჰქონოდათ. მისი განმარტებით, შესაძლებელია, რომ მათ ახალ გარემოებებზე ჰქონოდათ ინფორმაცია.

"ძალიან ელემენტარულ საკითხზე ვართ მისული, როდესაც შესვენება მოვითხოვეთ თქვენთვის მკაფიოდ აღქმადი, სრულიად ლეგალური მიზეზებით და გვეუბნებით, რომ არა შესვენება არ იქნება, სხვა ადვოკატებს ვერ ჩავრთავთ საქმის განხილვაში. მე უბრალოდ მაინტერესებდა მათი პოზიცია, შეიძლება, რომელიმე მათგანი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა კიდეც ამ პერიოდში, რაც სხდომა მიმდინარეობს და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი", — განაცხადა მან.

მას შემდეგ რაც მოსამართლისგან მორიგ თხოვნაზე უარი მიიღო, ბასილაიამ განაცხადა, რომ გაგრძელების აზრს ვერ ხედავს და პროცესიდან გამოვიდა.

სააკაშვილი, მისი სურვილის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა". პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.

სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეები აცილება მოითხოვა. მისი თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სააკაშვილის სხდომაზე ყოფნა საჭირო იყო, თუმცა მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს და "წინასწარ დაგეგმილ სცენარს" მიჰყვებოდნენ.

სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედავება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ბრალდება ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.