მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი გადაიყვანენ სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას შეწყვეტს.

"ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსებისა და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი", — აღნიშნულია მის წერილში.

ექსპრეზიდენტი ითხოვს ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით იქნება უზრუნველყოფილი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის დროს.

"ამას გარდა, წარმოუდგენელია მე ვენდო იმ დაწესებულებს თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე, მათი ძალდობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. შესაბამისად, ითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს", — ამბობს ის.

მისივე თქმით, კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე.

"კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო ხასიათის, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და ასევე, უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ამ ვითარებაში როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ", — აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაავალოს.

სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაურკვევლობა მოყვა, რაც გუშინ, 10 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ, ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. გუშინვე სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.

გაიგეთ მეტი: