საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 3,39 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24,9%-ით მეტია.

რა შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 10 თვეში უცხოეთიდან 7,96 მილიარდი დოლარის საქონელი ვიყიდეთ — ეს მონაცემი 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 22,3%-ით არის გაზრდილი.

ფოტო: საქსტატი

შესაბამისად, იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, ანუ ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა 11,35 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მოცულობა (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) 4,57 მილიარდი დოლარი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ოქტომბერში 411,1 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ (წლიური ზრდა — 31,4%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 904 მილიონ დოლარს (წლიური ზრდა — 24%) მიაღწია.