ოპოზიციის აქციის პარალელურად სანაპიროზე საპოლიციო სპეცტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანები გამოჩნდა. იქვე მდგარ ყვითელ ავტობუსებში კი მობილიზებულია სპეცრაზმი.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

აქცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით იმართება. მოქალაქეები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით სანაპიროზე წავიდნენ, რაც წინასწარვე იყო დაანონსებული.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ, თბილისის ორივე სანაპიროზე გზების გადაკეტვაზე განაცხადა, რომ კანონის თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დაუშვებელია და ამ წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. შსს-ს თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალასა და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებდნენ.

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, უწყების ეს განცხადება მიმართულია დაგეგმილი აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას. პარტიის თქმით, ყველა შესაბამისი უწყება 14 ნოემბერს საჯაროდ გააფრთხილეს, რომ მომდევნო დღეს მშვიდობიანი მსვლელობა იქნებოდა. მათივვე განმარტებით, ამის მიზანი იყო ის, რომ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად უწყებებს შესაბამისი ზომები მიეღოთ.