ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ხვალ საპროტესტო აქცია სამ ლოკაციაზე დააანონსა. მელიას თქმით, 16 ნოემბერს აქციები ავტოკოლონებით გაიმართება.

"ხვალ გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი. დღის 14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, აღმაშენებლის ხეივანზე, ცესკოსთან. მესამე ლოკაციაა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე. [შევიკრიბებით], რათა ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით ხმამაღლა გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე", — განაცხადა მელიამ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აწყობს საპროტესტო აქციებს.

8 ნოემბერს სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ნიკა მელიამ უწყვეტი პროტესტი დააანონსა. მელიას თქმით, ყოველი დღის ბოლოს მომდევნო დღის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი და საზოგადოებას საპროტესტო აქციების ლოკაციებს შეატყობინებენ.