საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების შემლახავია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და ასე შეაფასა პენიტენიცური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები.

"დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ, ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია", — განაცხადა მან.

სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.