მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მძიმედ გადაადგილდება. მისი თქმით, სააკაშვილი დღეს პაემნების ოთახში ვერ ჩავიდა და მის სანახავად პალატაში მოუწია ასვლა.

"მაშინ რომ მოესმინათ ჩემთვის და მაშინ გადაეყვანათ, ბევრად ადვილი სიტუაცია გვექნებოდა მის სამართავად. ყოველ დღე, ყოველ საათში მისი მდგომარეობა უფრო მძიმდება და მისი მკურნალობა უფრო და უფრო გაჭირდება.

შესამჩნევი სიყვითლე აქვს სხვა დღეებისგან განსხვავებით, გადაადგილდება მძიმედ, სუსტად არის. არა, ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში, ამიტომ მქონდა პრივილეგია, რომ ავსულიყავი მასთან პალატაში", — განაცხადა მან.

ექსპრეზიდენტი უკვე 49 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — ამის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით შეიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.