ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. მისი თქმით, ექსპრეზიდენტისთვის მოეწყო სპეციალური პალატა.

"თქვენ იცით, რომ მთავარი უარის პირობა იყო ის, რომ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხოება. ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი, ეს არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ტერიტორიაზე, მისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას", — თქვა ტიკარაძემ.

ექატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მასზე ინტენსიურ მეთვალყურეობას.

დღეს, 19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალს საფრთხედ მიიჩნევ. ამაზე ის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში წერდა. საფრთხის მიზეზად ის რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები ყოფნას ასახელებს.

რაც შეეხება ჰოსპიტალთან აქციების არგამართვის მოთხოვნას, ამის პირობა ოპოზიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დადო და თქვა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იქ აქციები არ გაიმართება.