გრიპის ვაქცინით აცრა უფასო მხოლოდ პირველ დეკემბრამდე იქნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, აცრას საქართველოს ყველა მოქალაქე 6 თვის ასაკიდან შეძლებს.

"22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.

NCDC-ის ინფორმაციაშია აღნიშნულია ისიც, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

20 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. მისივე თქმით, მიმდინარე წელს სახელმწიფომ 200 00 დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

ამ სეზონზე გრიპის ვაქცინის ღირებულება 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.