პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შემქნა ე.წ. მეგობართა კლუბები, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები დახარჯა. ასე ეხმაურება ის ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და ქვეყნის სხვა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას.

"მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები. მათ შორის, ამერიკაში, მათ შორის ევროპარლამენტში — ევროპარლამენტარებს ვგულისხმობ, ვგულისხმობ კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ.

მე შეგახსენებთ, რომ ამ ე.წ. მეგობართა კლუბებში — არა ქვეყნის, არამედ პირადი ნაცნობობა და პირადი მეგობრობა აკავშირებთ — მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოსავლებიდან", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მისთვის არ არის საინტერესო, რაც იტყვის "რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი". ის ამბობს, რომ მათი აზრი არც მოსახლეობისთვის უნდა იყოს საინტერესო.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მათ აქვთ "ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული ურთიერთობა" პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებთან და ითვალისწინებენ მათ გზავნილებს. ამავე დროს, ღარიბაშვილის თქმით, მათ შეუძლიათ განასხვავონ სახელმწიფოების ოფიციალური პოზიცია ე.წ. მეგობართა კლუბების მიკერძოებული განცხადებებისგან.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ, მმართველი პარტიის ლიდერებს ისინი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მიკერძოებაში. მაგალითად, 23 ოქტომბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხდა, რომ საქართელოში მართლმსაჯულების პოლიტიზების "ცალკეული შემთხვევები" ევროპარლამენტარების ჩარევის შედეგი იყო.

გაიგე მეტი: