საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრება საკუთარ სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანია, რადგან ამას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

"თავდაპირველად, მივესალმები იმ ქმედებებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაიდგა. მოხარული ვარ, რომ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა და კარგადაა. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო პროცესზე, რადგან ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონი და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია", — აცხადებს ის.

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიყვანაზე უარი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა.

ჯერ კიდევ 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მათი რეკომენდაცია იყო სასამართლო სხდომა ციხეში ჩატარებულიყო, რასაც ადვოკატები და თავად სააკაშვილი არ ეთანხმებოდნენ. 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მოსთხოვა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სხდომაზე მიეყვანათ, თუმცა უშედეგოდ — 10 ნოემბერს სააკაშვილის პროცესი მის გარეშე გაიმართა. უარის მიზეზი უწყებამ იმით განმარტა, რომ ესკორტირებისას, შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქციული ხასიათის ქმედება". მათივე მტკიცებით, ვინაიდან სააკაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობის არსებითი ნაწილი, პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენდა დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. მომდევნო სხდომაზე, 15 ნოემბერს სააკაშვილი ისევ არ მიიყვანეს და მიზეზებიც იგივე დაასახელეს. 16 ნოემბერს ომბუდსმენმა მოითხოვა, რომ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება მისცენ, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ექსპრეზიდენტი არც იმ დღეს გამართულ სხდომაზე მიუყვანიათ.