პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ონლაინ კაზინოს ქმნიან. ასე ეხმაურება ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ.

"ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად. ესაა სლოტი, BOOK OF FREEDOM, დემო ვერსია", — წერს ჯაფარიძე და სოციალურ ქსელში შესაბამისი ვებ-გევრდის ბმულს აქვეყნებს.

ის ქართულ ოცნებას მოუწოდებს "თვალყური ადევნონ".

გირჩი — მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, იმედა კლდიაშვილი აცხადებს, რომ პარტია ამ იდეაზე დიდი ხანია ფიქრობს, პრემიერმინისტრის ინიციატივა კი გახდა იმპულსი, მისი დაჩქარებისთვის წინაპირობა.

"რეალურად, ეს არის პირველი, დემო ვერსია, რაც ჩვენ დავდეთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები, საწყისი კაპიტალი, რომ გაეშვას, მასშტაბური სახე რომ მიიღოს და შევეცდებით, რომ მოვიძიოთ ეს საწყისი კაპიტალი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მარტო პროტესტი კი არა, რეალური მიმართულებადაც იქცეს", — უთხრა On.ge-ს კლდიაშვილმა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ უცხოური კომპანიები შეზღუდონ, პირიქით, მათ უნდა შესთავაზონ, რომ სხვა ქვეყანაში არსებული ბიზნესები გადმოიტანონ საქართველოში. კლდიაშივლი ამას ბიუჯეტის გაზრდის პერსპექტივით ხსნი.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ინიციატივა გულისხმობს პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა და რეკლამების აკრძალვა, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ კაზინოთა სრულად აკრძალვა სურს. გარდა ამისა, მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს.

გაიგე მეტი:

  • ბევრი ხერხი არსებობს, რომ ქვეყნის გარეთ არსებულ ონლაინ კაზინოში ითამაშოს საქართველოს მოქალაქემ — კლდიაშვილი