მიხეილ სააკაშილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, რისი სამართლებრივი წინაპირობაც არ არსებობს. მისი თქმით, ეს სააკაშვილის საქმიანობის ხელისშეშლაა და თუ ასე გაგრძელდა, ის მკურნალობის პროცესზე უარს იტყვის.

"ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი და ამას არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს, დეპუტატებს აქვთ სრული უფლება, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც აქამდე ხვდებოდნენ თუნდაც #12 ან #18 დაწესებულებაში. ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ თუ ეს გაგრძელდება და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა მანამდეც დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა", — აცხადებს ის.

მოგვიანებით ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, რომელიც "ტყვედ ჩავარდნამდე ჰქონდა გამოწერილი".

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.