ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის ნაციონალური მოძრაობიდან, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე 18 ნოემბერს გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოიკითხნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაციას ფლობდნენ.

მათივე ცნობით, ნაციონალური მოძრაობის მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

ნუგზარ ფუტკარაძე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19.

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას და შსს-ს მაღალჩინოსანს, დავით რიჟვაძეს საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძეზე ზეწოლას ყოფილი ძალოვნები ახდენდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ენმ-მ ბრიფინგის ჩანაწერი გაასაჯაროვა. პარტიის ცნობით, აუდიოში ორი ყოფილი მაღალჩინოსნის, ვაჟა თაბაგიძისა და ბადრი ბაკურიძის, ასევე, ნუგზარ ფუტკარაძის საუბარია ასახული. ჩანაწერებში, რომელიც On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს, ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები "ნეიტრალურობას" სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, "ნეიტრალურში გადავიდეს".