დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლება და #FreeMisha მისი მხარდამჭერების კამპანიაა და ის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამას თავად სააკაშვილიც ხედავს.

"მიშას გათავისუფლება, ანუ კამპანია #Freemisha არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი, როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მესამე პრეზიდენტი და თვლის, რომ ეს კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს ცალკე", — აცხადებს ის.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ცირკულირებული სპეკულაციები" და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა. გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

გუშინ, 24 ნოემბერს სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის და მდგომარეობა უმჯობესდება. მისივე თქმით, სააკაშვილს გუშინ დილით სიარულის პირველი მცდელობა ჰქონდა, რაც ცოტა გაუჭირდა, თუმცა საღამოს 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა შეძლო.

დღეს, 25 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მისი მონახულების საშუალება დეპუტატებს არ ეძლევათ და თუ ეს ასე გაგრძელდება სააკაშვილი მკურნალობაზე უარს იტყვის.