გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ #FREEMISHA კამპანია მისი მთავარი დღის წესრიგი არაა და ახლა მისთვის ყველაზე მთავარია სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და რიგგარეშე არჩევნები.

"[#FREEMISHA კამპანია] არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები და ამის გარშემო შემოშენება ბევრი სხვადასხვა საკითხების და მათშორის იმ პრობლემების, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებია", — განაცხადა მან ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

ამასთანავე, ჯაფარიძის თქმით, მისთვის ახლა მთავარია საზოგადოებას აუხსნას, რომ დღევანდელ რეალობაში კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ქვეყნის განვითარებასთან შეუთავსებელია.

"მთავარი ამბავი რაც მაქვს ახლა მე ასახსნელი ადამიანებისთვის, ჩემი მხარდამჭერები იქნება თუ არამხარდამჭერები, ახსნა იმის, რომ სინამდვილეში ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც სხვადასხვა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას და რამდენად შეუთავსებელია ძალაუფლების შენარჩუნბაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარებასთან. ან რესურსები იხარჯება იმაზე, რომ ქვეყანა განვითარდეს ან ეს რესურსები იხარჯება, რომ ვიღაცებმა შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ შორის, ახსნა მაგ კონტექსტში, რომ სინამდვილეში ყველა პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს, დაკავშირებულია იმასთან რომ ისინი ძალაუფლებას ინარჩუნებენ", — ამბობს ის.

დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლება და #FreeMisha მისი მხარდამჭერების კამპანიაა და ის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამას თავად სააკაშვილიც ხედავს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ცირკულირებული სპეკულაციები" და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა. გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.