ბათუმის საკრებულოს შენობის წინ არსებული დაძაბულობის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის ორი აქტივისტი.

On.ge დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. მათგან პაუსუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დილიდან ხმაურია ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ძველი საკრებულოს შემადგენლობა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. სწორედ ამას აპროტესტებს იქ შეკრებილი ოპოზიცია.

დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა. ქამადაძის განცხადებით, შპრიცში არსებული ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და ამის დასამტკიცებლად ის დარბაზში დაჩება.

ამის შემდეგ ის პოლიციამ საკრებულოს შენობიდან გაიყვანა, საკრებულოს თავმჯდომარემ კი შესვენება გამოაცხადა.

ბათუმში აღნიშნულთან დაკავშირებით ხმაური იყო გუშინაც, ბიუროს სხდომაზეც. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა და ძველი საკრებულოს შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის გატანაში ხელის შეშლა სცადეს.

ოპოზიციის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს. მათივე თქმით, საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ აქვთ.

24 ნოემბერს ამაზე ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მირდატ ქამადაძის განმარტებით, თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.

ამავე თემაზე: