ოპოზიციის პროტესტის ფონზე, 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდის საკრებულომაც დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონამდე ლარით მეტია. საკრებულოს ცნობით, მიმდინარე წლის საწყისი ბიუჯეტი 40 მილიონ 400 000 ლარი იყო.

ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოს სხდომების პარალელურად ხმაური იყო, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. ოპოზიცია ძველი საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს.

24 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მირდატ ქამადაძემ განმარტა, რომ თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.

პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაემტკიცებინა მუნიციპალური ბიუჯეტები ძველი საკრებულოს პირობებში. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.