ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის წინასწარ დამტკიცება მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარე პროტესტის ფონზე სუბარს მიაჩნია ისიც, რომ ეს "ყველაზე სწორი" და "განვითარებაზე ორიენტირებული" გადაწყვეტილებაა.

"დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოების შემადგენლობებს დაემტკიცებინათ შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო", — აცხადებს ის.

სუბარის თქმით, მათ ის შესაძლებლობა გამოიყენეს, რომელიც კანონმდებლობით მიღებულია და ამით ოპოზიციას "ბიუჯეტის ჩაგდების" საშუალება არ მისცეს.

"ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობისა და ინფრასტრუქტული პროექტების შეჩერების, ჯამში კი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ", — ამბობს ის.

ამასთან, სუბარმა ოპოზიციას მიმართა, რომ "როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ" ქართულ ოცნებას მუშაობასა და "საქმის კეთებაში" ხელს ვერ შეუშლიან.

დილიდან ხმაური იყო ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდნენ. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევაზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო ბათუმში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ბიუჯეტის მიღებას ოპოზიციონერი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ. ოპოზიციის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ახალ შემადგენლობას უნდა დაემტკიცებინა. მათივე თქმით, საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ ჰქონდათ.

გაიგე მეტი: