ფორმულასთან სატელეფონო კომენტარში მოსამართლე, ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე მისი პროცესის წარმართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"რიგითი მოქალაქეც რომ იყოს, ჩვეულებრივი მოქალაქე და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მის გარეშეც მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა. მით უმეტეს, როდესაც აქ ლაპარაკია ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ციხეში ჩატარება მხოლოდ მაშინ მიაჩნია მიზანშეწონილად, თუ ნამდვილად ეცოდინებათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოითხოვს, ამასთან თუ თავად სააკაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფები იქნებიან თანახმა.

მოსამართლემ, ასევე, განაცხადა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, ახლაც გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სხდომის დარბაზში წარმოდგენის თაობაზე.

"თუ მოსამართლეს გინდა, რომ სამართლიანად განიხილო საქმე, შენს ინტერესში შედის, რომ ის ადამიანი, ვის მიმართაც ბრალდებაა წაყენებული, თავისი საქმის განხილვაში თვითონ მონაწილეობდეს", — აღნიშნა მან.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მხარდამჭერებს 29 ნოემბერს, თავისი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა, მისი ადვოკატები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ აქცია ექსპრეზიდენტის პროცესზე მიყვანაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

29 ნოემბერს სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ის საკუთარ პროცესს. 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.