ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და ერთ-ერთი, რასაც ხაზი გაუსვა სასამართლოს რეფორმა იყო. მან განაცხადა, რომ ვერ შექმნეს დამოუკიდებელი სასამართლო და ეს შეეხო ბევრ ადამიანს, მათ შორის, პირადად მასაც.

"როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, მინდა ვთქვა, მქონდა თუ არა მე შეცდომები — საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა აი, ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ აი შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველვყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ სამართალს იპოვნის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაიყრება. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გამოიცნო.

რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით, მაგალითად, იგივე დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო. ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მე მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკური მაგალითს ხედავთ ახლა თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხდომა მის გარეშე გაგრძელდება.