მოსამართლე ბადრი ჯოჭლამაზიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა. ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლემ ჩათვალა, რომ პროკურორის საჯარო განცხადებები შეიცავდა "გაკიცხვის ელემენტებს", რაც, მისი თქმით, დაშვებულია ბრალდების მხარის მხრიდან. სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ პროკურორის განცხადებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

"პროკურორი როდესაც ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უწერს სახელმწიფო ბრალდებას, ეს მხოლოდ ქმედების სამართლებრივ შეფასებას კი არ ნიშნავს, არამედ, ბრალდების კომპონენტი მოიცავს, მათ შორის, გაკიცხვის ელემენტს. გაკიცხვის ელემენტი, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს მორალურ კატეგორიას.

იქ, სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აი ამ თარიღების შემდეგ იმ დროინდელ პრეზიდენტს შეეძლო თუ არა საზღვარგარეთ აი ასეთი მომსახურება მიეღო, ეს უკვე გადადის, კი ბატონო, გარკვეულწილად შესაძლებელია სცილდებოდეს კიდეც სამართლებრივ ფარგლებს, იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თითქოს, აღარ ეხება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ აი, ამ თარიღების შემდეგ პრეზიდენტს უნდა მოეცა თუ არა თავისი თავისთვის ამის უფლება, რომ აი ასეთი მომსახურება მიეღო", — განაცხადა მოსამართლემ.

გიორგი მუჯირის აცილების შესახებ შუამდგომლობა სააკაშვილის ადვოკატებმა იმ მოტივით დააყენეს, რომ მისი საჯარო განცხადებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ადვოკატების შეფასებით, პროკურორის განცხადებები განსახილველ საქმესთან კავშირში არ არის და მიზნად ისახავს, ნეგატიური ფონის შექმნას მაყურებლის წინაშე.

გაიგე მეტი: