საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. ნოემბერში ფასების საერთო დონე 12,5%-ით არის გაზრდილი, ხოლო თვიური ინფლაცია 0,6%-ია. თუ მიმდინარე წლის აგვისტოს და ოქტომბრის თვეებს არ ჩავთვლით, წლიური ინფლაციის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წელს დაფიქსირდა.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,35%-იანი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, 20,2%-ით არის გაძვირებული ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი პროდუქტები, რამაც ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი 2,5%-ით გაზარდა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27,7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (26,2%), პური და პურპროდუქტები (20,4%), რძე, ყველი და კვერცხი (17,9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17,4%), თევზეული (16%), ხილი და ყურძენი (15,5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13,6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10,7%), ყავა, ჩაი და კაკაო (6,9%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20,2%-ით, რაც 2,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30,1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,6%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,3%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,5 პროცენტიანი მატება, რაც 1,68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14,2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7,2%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4,5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2%).

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12,8% იყო, სექტემბერში — 12,3%, აგვისტოში — 12,8%, ივლისში — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა. მას შემდეგ სებ-მა ეს განაკვეთი ორჯერ დატოვა უცვლელად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს.

როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუ დასაშვები დონე 3%-ია. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.