"არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება" — თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოძალადე ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ დადგმულ ჯვარზე. კონსტრუქციის იმ ფორმით ყოფნა, კალაძის აზრით, სეკულარულ სახელმწიფოში არასწორი არ არის.

"არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება, არ მოიხსნება. რა თქმა უნდა გამართლებულად მიმაჩნია, გამართლებულად მიმაჩნია და ველოდებით ჩვენ პროექტს საპატრიარქოსთან, რომ გარკვეული პროექტი იქნეს განხორციელებული, 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად და ზოგადად ბევრი მძიმე დღე ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად გაკეთდება პროექტი", — თქვა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ ჯვარი ჯერ-ჯეროთ იქნება, სანამ ახალი პროექტი არ განხორციელდება.

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ პარასკევს, 3 დეკემბერს მერია ჯვრის კონსტრუქციის მოხსნას აპირებდა. თუმცა, ამის შემდეგ, კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, არ ფიქრობდა "ბაბლი" ასე დაიჯერებდა.

"რა თქმა უნდა, მერია არ აპირებს აღებას, ამას რომ ვწერდი, არ ველოდი, რომ ბაბლი ასე დაიჯერებდა, რომ კალაძე სეკულარულ ღირებულებებზე ზრუნავს და ამას გაბედავდა.
ბოდიში, ვინც დაიტროლეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, სად მივექანებით.

კონსტრუქცია დამონტაჟებულია ყველა კანონის უგულებელყოფით და არანაირი უფლება არ აქვს, იდგეს იქ. აგრესიული მრევლის მუქარით დაშინებული კანონმდებელი დუმს", — წერს ნატა ფერაძე.

ჯვარი ძალადობრივმა ჯგუფებმა და საპატრიარქოს სასულიერო პირებმა 5 ივლისს დადგეს.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.