აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილებას მასაც აქვს.

"პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნასა და საექსპერტო გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ასევე, ბევრი სხვა კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, რომლებსაც საქართველოში შევხვედრივარ. საქართველოს მართლა გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი ჰყავს. მეც პირადად მაქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში და მიმუშავია, ასევე, სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში, დავხმარევიბარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი", — განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, როდესაც საუბრია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითებზე, მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, თუ რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი.

"ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნებზე დაბალი ბარიერი იქნებოდა სასარგებლო და ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებითაც დადასტურდა, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად პარლამენტში 9 განსხვავებული პარტია აღმოჩნდა. ეს შეფასდა, როგორც დადებითი განვითარება. ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდეგ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება", — აღნიშნა დეგნანმა.

2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, აშშ-ს ელჩი კი არა. ასე უპასუხა მან საარჩევნო ბარიერის დაწევაზე უარის თქმაზე კელი დეგნანის კრიტიკას.