აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დაჩქარებულად გაგრძელებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან იმედგამაცრუებელია, რომ ეს გაგრძელდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უამრავი სხვა პრიორიტეტია, რომელიც პარლამენტში არ განიხილება. რთულია გაიგო, რატომ იყო ამის დაჩქარება საჭირო. უკვე თვეებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიციაა, თუმცა, როგორც ჩანს, მის შევსებას არავინ ჩქარობს, მაშინ, როცა ისინი სასამართლოში ხალხის ხმას წარმოადგენენ. ამიტომ რთულია ახსნა, რატომ გახდა საჭირო ამის დაჩქარება, მაშინ, როცა იგივე ხალხი პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პარტია ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე შეთანხმდა", — აღნიშნა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი დეგნანმა 29 ნოემბერსაც გააკეთა. ის ამბობდა, რომ დამაბნეველია, რატომ გრძელდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, როცა ქართველი ლიდერები სასამართლო რეფორმაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ეს იმედგაცრუებას იწვევს.

26-27 ნოემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს კანიდატებს მოუსმინეს. ევროკავშირის ელჩი მოსმენას არ დაესწრო და თქვა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ არის შესაბამისობაში შარლ მიშელის შეთანხმებასა და მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ წაყენებულ პირობებთან. პროცესს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. ისინი წუხდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის მიუხედავად, პარლამენტმა სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა. პარალელურად კი, ქართული ოცნება აცხადებდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათი მხრიდან სრულდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შეთანხმებაში ნამდვილად ეწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებისგან თავის შეკავების შესახებ, ამერიკის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც შეთანხმების ეს ნაწილი ყვითლად არის გახაზული.

ამის შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა. ჟულიენ კრამპის თქმით, ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობენ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ არის.

ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა.