განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.

მათივე თქმით, სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ, შესაბამისად ბუნებრივია, რომ საუბარია 2012 წელს ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაზე.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი, უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან: პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები.

წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მმართველობაში მოვიდა "ქართული ოცნება".

სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა "ასოცირების შესახებ შეთანხმებამ". ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად", — ნათქვამია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

გაიგე მეტი: