ცენტრ ემპათიის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სტაციონარული მულტი-დისციპლინური მკურნალობა — რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო-ფსიქოლოგიური მიმართულებით კვლავ ესაჭიროება. ემპათიის პრეზიდენტი და ექსპერტიზის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ცენტრ ემპათიას დასკვნების შესაბამისად, მისდამი საქართველოს ციხეთა სისტემაში მოპყრობა ერთობლიობაში შეფასდა როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების, სიცოცხლის საფრთხის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ პაციენტისადმი მტრული გარემოს გათვალისწინებით, რასაც ანტიფსიქოზური პრეპარატის არაადეკვატური დანიშვნა-მიღება ემატება.

"აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. თუმცა, ამ დრომდე ყველა თანამდებობის პირი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება კვლავაც მიგვაჩნია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად და დაუშვებლად", — აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, მათ მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიეცათ, რომლის შემდეგაც მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც ნეიროლეფსიური სინდრომი.

"ასევე, გამოვლინდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კვლავ სახეზე იყო არასათანადო მოპყრობისა და არაადეკვატური სამედიცინო ინტერვენციის შედეგადეგად შიმშილობის იძულებითი გახანგრძლივებით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, შეიცვალა ანტიფსიქოზური პრეპარატის მიღება, რომელსაც იგი არამიზნობრივი დანიშნულებით იღებდა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოყოლებული 27 ნოემბრამდე", — აღნიშნავს ჯიშკარიანი.

ამასთან, ის დასძენს, რომ ანტი-ფსიქოზური პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამების მეთოდი და ხშირ შემთხვევაში, იგი მიზნად ისახავს პიროვნების გატეხვასა და დამორჩილებას.

"დანიშნულების შეცვლის შემდეგ (მოიხსნა ანტი ფსიქოზური პრეპარატი და დაინიშნა მდგომარეობის კორექციისათვის შესაბამისი ტრანკვილიზატორი) მიხეილ სააკაშვილმა შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება. ამავდროულად, ცენტრ ემპათიას ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს", — აცხადებს ის.

4 დეკემბერს მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. ჯიშკარიანის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის სამედიცინო ბარათში არ წერია, რატომ იღებდა ექსპრეზიდენტი ნეიროლეპტიკურ პრეპარატს. მისვე თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.

5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნელ-ნელა მიდის უკან".

გაიგე მეტი: