მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ისნპექტორის დასკვნის შემდეგ კადრები აეღოთ, მის წინააღმდეგ დღეს "შურისძიება განახორციელეს", ე.წ. დისციპლინარური ზომები დაუწესეს და შეხვედრები შეუზღუდეს. მისი თქმით, სანამ ეს არ გაუქმდება, ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილმა ალტერნატივას გარდა, ყველა სხვა კონსილიუმის მიღებაზე უარი თქვა.

"დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ისნპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების 2 თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები.

მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას, და ასევე, ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლის და ჩემი მონახულების, დაახლოებით 4 საათი აცდევინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან, თბილისში. ასევე არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტალის ადმინისტრაცია", — წერს ის მორიგ წერილში.

დღეს, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.