პროკურატურა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდა. უწყებამ ლორთქიფანიძის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა", — აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში შეხვდა ამ საქმის ერთ-ერთ ბრალდებულს, ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გადაყვანა მისი კუთვნილი სატვირთო მანქანით. სექტემბრის შუა რიცხვებში კი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ცომაიას და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა.

"ე.ც. 20 სექტემბერს მისი კუთვნილი SCANIA-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით VILNIUS-ი შეიყვანეს", — აცხადებს პროკურატურა.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ექსპრეზიდენტი 28 სექტემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, უკრაინიდან ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული რძის პროდუქტებით დატვირთული მისაბმელიანი ტრაილერით შემოვიდა, შემდეგ კი შალვა და ზურაბ წოწორიების ავტომანქანაში გადაჯდა. ცომაიას პროკურატურა მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. პატიმრობა შეეფარდა გიორგი ნარიმანიძესაც, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი და ცომაია თბილისში ჩამოიყვანა.

გაიგე მეტი: