პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ორი საყრდენის — არჩევნებისა და მედიის ნდობას. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ეს საფრთხეც ეხება.

"დემოკრატიას შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის — არჩევნებისა და მედიასაშუალებების ნდობას.

საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია. როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა", — განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. სწორედ ამიტომ, საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააგრძელოს 30 წლის წინ არჩეულ დასავლურ გზაზე სვლა.

"საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი NATO-ს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით. ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია", — განაცხადა მან.

ზურაბიშვილის განცხადებით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს ვალდებულებები, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ საქართველო არ იპოვის იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც საქართველო დაიპყრო.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს უფრო საიმედო გზაა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც "ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება".