ცნობილი ამერიკელი მწერალი და გოთიკის ჟანრის დედოფლად წოდებული ავტორი, ენ რაისი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ რაისის შვილმა, კრისტოფერმა, მწერლის ოფიციალური ფეისბუქგვერდის საშუალებით გაავრცელა.

"გულისტკივილით გაცნობებთ, რომ ენი, ინსულტის შემდგომი გართულებების შედეგად, დღეს გარდაიცვალა", — წერს კრისტოფერი, — "მან მამაჩემის, სტენის [ცნობილი პოეტი და მხატვარი სტენ რაისი], გარდაცვალებიდან თითქმის 19 წლის შემდეგ დაგვტოვა. ჩვენი ოჯახის მწუხარების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. მისი, როგორც დედის მხარდაჭერა, უპირობო იყო — მან მასწავლა, რომ ჩემს ოცნებებს მივყოლოდი, უარი მეთქვა მორჩილებაზე და შიშსა და შინაგან ეჭვნეულობას სათანადოდ გავმკლავებოდი. როგორც მწერალს, მასწავლა, რომ ჟანრის საზღვრები დამერღვია და ჩემს გატაცებებს დავნებებოდი".

ენ რაისი თავის შვილთან, მწერალ კრისტოფერ რაისთან ერთად.

ფოტო: Getty Images

ენ რაისი თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მას "გოთიკის დედოფლის" წოდება შემთხვევით სულაც არ მიუღია — მწერალი ავტორია არაერთი გოთიკური ჟანრის წიგნების სერიისა. მათგან ყველაზე ცნობილი ვამპირის ქრონიკებია, რომელიც ათზე მეტ წიგნს აერთიანებს. სერიის ორი ყველაზე ცნობილი რომანი, ინტერვიუ ვამპირთან და დაწყევლილების დედოფალი, ჰოლივუდმა ფილმებადაც გადაიღო. პირველ მათგანში მთავარ როლებს ტომ კრუზი, ბრედ პიტი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ. ამჟამად ვამპირის ქრონიკების სერიის მიხედვით სერიალს იღებენ.

გარდა ჟანრული პროზისა, რომელიც ვამპირებზე, მაქციებზე და ჯადოქრებზე შექმნილ წიგნებს მოიცავს, ენ რაისის შემოქმედება აერთიანებს მრავალფეროვან ნაშრომებს, მათ შორის, ეროტიკული და რელიგიური ჟანრის ტექსტებსაც. ჟანრული განსხვავებების მიუხედავად, მწერლის რომანებში ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის გავლენა იგრძნობა. მისი პერსონაჟები, მათ შორის ღამეული ურჩხულები, მარადიულ შეკითხვებზე დაეძებენ პასუხს.

"იმ იმედით ვინუგეშოთ თავი, რომ ენი ახლა თავის დიდ შეკითხვებზე პასუხების მიღებას შეძლებს; სულიერებასა და ზებუნებრიობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, რომელთა ძიებამაც მისი ცხოვრება და კარიერა განსაზღვრა", — წერს მწერლის შვილი ფეისბუქპოსტში.

ეს ძიება დიდწილად იყო განპირობებული რაისის პირველი შვილის, მიშელის, გარდაცვალებით. 6 წლის ასაკში ლეიკემიით დაღუპული შვილის გლოვამ ენს წერა დააწყებინა.

როგორც კრისტოფერ რაისის განცხადების დასასრულს ვიგებთ, მომავალ წელს, მწერლის შემოქმედების აღსანიშნავად, ენის მშობლიურ ქალაქ ახალ ორლეანში, ავტორის მეგობრებისა და მკითხველების მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართება.