პარლამენტმა კანონპროექტს, რომლითაც აზარტული თამაშების წარმომადგენლებს ახალი რეგულაციები უწესდებათ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.

29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. ამასთან, კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.

პრემიერმინისტრმა დააანონსა სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვაც. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მანამდე, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს.

დღეს, 15 დეკემბერს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა აზარტული თამაშების კანონპროექტის განხილვისას სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მოუწევთ იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რასაც სახელმწიფო სთავაზობთ. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არა ეკონომიკური, რადგან საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეობს და ლუდომანიის პრობლემას ეხება.

მედიაკოლაცია აზარტული თამაშებისა და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები პრობლემური და არასაკმარისია. მათ განცხადებით, არსებობს რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლებს ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს.

კანონპროექტს უარყოფითად აფასებს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაც. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ წავა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, ისინი იძულებული გახდებიან გათიშონ ონლაინ ტოტალიზატორები და უარი თქვან სოციალურ და სხვა პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზე. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მოთამაშეთა მინიმალური ასაკის 25 წლამდე გაზრდით იზღუდება ადამიანის საკუთრების უფლება, რაც კონსტიტუციითაა გარანტირებული.

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მიიჩნევს, რომ დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს მომხმარებლების გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და არ მოქმედებს რეგისტრაციის მაღალი სტანდარტები. ეს კი ფაქტობრივად გამორიცხავს მათი უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან.