საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას შეამცირებს. ორგანიზაციის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება. TI-ის შეფასებით, ეს ცვლილებები 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

"ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება. ამის გამო, ფაქტობრივად, უქმდება აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი, რასაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა უნდა გაეზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცესკოს წევრების არჩევის შეთანხმებულ წესს მმართველი პარტია ცვლის და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს არგებს. 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების წინაც ცესკოს წევრების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის კანონით დადგენილი პერიოდის 1 თვიდან 1 კვირამდე ერთჯერადი შემცირებით საპარლამენტო უმრავლესობამ მარტივად შეძლო მხოლოდ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების არჩევა. ახალი ცვლილება კი ამ წესს უკვე არა ერთჯერადად, არამედ ხანგრძლივი ვადით და უფრო მეტად აუარესებს", — წერია განცხადებაში.

TI მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებაზე და ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და წევრები აირჩიოს საპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგსა და ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული პრინციპით, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას 9 აპრილის შეთანხმების დარღვევად აფასებს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნები. ISFED მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიზანია, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება.

პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით, მარტივდება ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრის არჩევის პროცესი. აქამდე საჭირო იყო ოთხი კენჭისყრა, ხოლო ახლა საკმარისი ხდება ორი კენჭისყრის ჩატარება. პირველ ჯერზე საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. პროექტის მიხედვით, აირჩევა ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, თანაბარი ხმების შემთხვევაში კი მათ დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი.

ხოლო თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

"თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.

თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება", — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, ცესკოს პროფესიული შემადგენლობის მაღალი კვორუმით დაკომპლექტება იყო.