პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისი თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო. ეს განცხადება ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთა, სადაც მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პარტიის ლიდერები, როგორც ქართული ოცნებიდან, ასევე ოპოზიციიდან.

"თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შევურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგები არის, შერიგება, ყველა იმ პროცესში, ამგვარ პროცესებში რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, მითუმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს და ეს არის ცხადია ყველას მიზანი, შერიგება რომელსაც მე მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი", — თქვა ზურაბიშვილმა.

10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.

მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.

იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.

France 24-თან ინტერვიუში კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აიღო ვალდებულება, შერიგების პროცესის დაწყების.