საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი. უფრო ზუსტად, მარტივდება არჩევის პროცედურა. კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

თუ აქამდე საჭირო იყო ოთხი კენჭისყრა, ხოლო ახლა საკმარისი ხდება ორი კენჭისყრის ჩატარება. პირველ ჯერზე საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. პროექტის მიხედვით, აირჩევა ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, თანაბარი ხმების შემთხვევაში კი მათ დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი. ხოლო თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

"თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.

თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება", — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი. ასევე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ცვლილება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებების მიზანია, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება. ცვლილებას 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოც. ორგანიზაციის შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას შეამცირებს. გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება.