ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ისინი მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას იწყებენ.

"მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე, შეიძლება, ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის ვერ დაავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას ", — განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დაიწყება კახეთის გზატკეცილზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მელია ამბობს, რომ შიმშილობის აქცია იქნება უვადო და გაგრძელდება მანამ, სანამ ექსპრეზიდენტი არ გათავისუფლდება.

"მესმის, ჩემი მხრიდანაც, სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობასაც ეხება. ეს მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ იქ სადაც ეროვნული ინტერესია, იქ სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მაცხოვრებელი ადამიანები, იქ სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის რაც ხდება ყოველდღიურად, როცა ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ ქართველები და დაგვავიწყდა საერთოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს და აწყობს პოლარიზება, რომ მათზეც ვერ ვესაუბროთ, ჩვენ, სხვა უფლება არ გვაქვს, გარდა შეტევისა, გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ", — თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ.