5 ივლისს თბილისის პრაიდის ოფისში შეჭრაში ბრალდებული 3 პირი დღეს საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლე, დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს — გიორგი ოძელაშვილს, გიორგი ელიზბარაშვილსა და ალიკა ალაზოვს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.