ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ აცხადებს, რომ მალე მოიშორებს "გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს" და კიდევ უფრო ენერგიულად ჩადგება მწყობრში. მისი თქმით, ახლაც მხნედ და ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ", — წერს სააკაშვილი.

გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.

დღეს, 30 დეკემბერს, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ის ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, რადგან საძილე მედიკამენტებით იყო გაბრუებული და მაღალი წნევა ჰქონდა.