ადვოკატის ინფორმაციით, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია. თემურ ლომიძემ ამის შესახებ ვარდსანიძის თანამოაზრის, ანტივაქსერ ზვიად ტომარაძის Facebook Live-ში ისაუბრა.

"უშუალოდ ბექას ვახლდი თან, პოლიციაში შევედით, მოგვიწია ცოტა ხანი ლოდინი. ვერ წამოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია, ჩვენ გვეგონა, რომ იქ ვიყავით მისული ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. როგორც პოლიციის უფროსმა განმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15-დღიან პატიმობას", — აცხადებს ადვოკატი.

ზვიად ტომარაძის ინფორმაციით, ვარდოსანიძემ პოლიციელს შეურაცხყოფა სატელეფონო საუბარში მიაყენა. ტომარაძემ ასევე თქვა, რომ "სცენარის ასე განვითარება" მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ვარდოსანიძეს არ უთქვამს, რა "ინციდენტი" მოხდა პოლიციის თანამშრომელთან და მისი დაკავების შესახებ განყოფილებასთან გაიგეს.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სავარაუდოდ, ბექა ვარდოსანიძეს პოლიციასთან კომუნიკაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის საჩივრის შემდეგ ჰქონდა. ჟურნალისტმა ჰომოფობიური, პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს პოლიციაში უჩივლა. ქეთი თუთბერიძე აცხადებს, რომ პოლიციას ვარდოსანიძის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და რეპუტაციის მიზანმიმართულად შელახვის გამო მიმართა.

24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე, სადაც 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა. კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აქციის შემდეგ თუთბერიძემ დაწერა პოსტი, სადაც საუბრობდა, რომ დღეს ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიაა. მისი თქმით, 2013 წლიდან ხშირია მის მიმართ აგრესია და მუქარა პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფებიდან, მესენჯერშიც ხვდება აგრესიული შინაარსის შეტყობინებები, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ პროფესიაზე უარის თქმას არ აპირებს.

ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. 5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.