"ახალი წელი, ახალი დასაწყისი. მალე შევხვდებით", — ვკითხულობთ ტვიტერზე Hulu-ს პოსტში, რომელიც ახალი ერის დაწყებას გვამცნობს. 2022-მა წელმა პოპკულტურაში მართლაც განსაკუთრებული სიახლით შემოაბიჯა: კარდაშიან-ჯენერების ოჯახი ახალი გადაცემით, სახელად The Kardashians ბრუნდება.

კარდაშიანების ოჯახის შესახებ გადაღებული რეალითი შოუს Keeping Up With the Kardashians-ის დასრულება ოჯახმა 2020 წლის სექტემბერში დააანონსა. 14 წლის განმავლობაში შოუმ კარდაშიან-ჯენერები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან სახეებად აქცია: ისინი ფლობენ არაერთ მსხვილ ბიზნესს და მათი შემოსავლები მილიარდებს აღემატება.

ამ განცხადებიდან 3 თვის შემდეგ Hulu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს კარდაშიანების ოჯახთან ახალი პროექტის შესაქმნელად რამდენიმე მილიონიან შეთანხმებას მიაღწია. ახალი რეალითი შოუს შესახებ ინფორმაცია კი საბოლოოდ ქლოი კარდაშიანმა დაადასტურა.

ჯერჯერობით The Kardashians-ის პრემიერის თარიღი უცნობია, თუმცა ის კი ვიცით, რომ წინ ბევრი ჩხუბი, დრამატული მომენტი და ჩამთრევი ისტორიები გველოდება.