მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს უნდა, რომ მის მიმართ შესაძლო არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევად, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირაა დაკავშირებული მისი საქმის გამოძიებასთან, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მასთან მიმართებაშიც გამოკითხვა შედგა დეტალურად და ფიქრობს, რომ სწორად ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს პროცესი.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები", — განაცხადა ადვოკატმა.

პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაზე 81 მომხრე და 7 წინააღდეგი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. კანონის პროექტით განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები, უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები და სხვა საკითხები.

ასევე, კანონით განისაზღვრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი.

კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

ამავე თემაზე: